ვიზიტი მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტში

       თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას ერთი კვირა მასპინძლობდა მარბურგის პარტნიორი უნივერსიტეტი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პროექტისა და უნივერსიტეტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თესაუ-ს რექტორი, პროფ. გიორგი გოცირიძე. ტრენინგები, რომელიც 10-დან 16 მაისის ჩათვლით ჩატარდა მარბურგის, ფილიპსის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, TEMPUS TASIS-ის პროექტის გაგრძელება იყო. პროექტი ითვალისწინებს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებასა და ხელშეწყობას და უკვე წელიწადზე მეტია, რაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება.
       ჩვენმა მასპინძლებმა, მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორებმა, კრისტოფერ მოსმა და სიუზან იგლერმა, ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ასპექტით წარმოეჩინათ მარბურგის უნივერსიტეტი და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ. ეს შეეხებოდა, როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ, ასევე რეკრეაციულ მხარეს. საუბრისას, ბატონმა მოსმა აღნიშნა: "ჩვენ ერთმანეთისაგან ვსწავლობთ, ჩვენ თქვენგან და პირიქით. არ მინდა იმედგაცრუება დაგეუფლოთ რამეში. შევეცდები, ყველაფერი გითხრათ და გაგიზიაროთ". ბატონმა მოსმა პირველივე შეხვედრაზე მიმოიხილა სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ყველა ის დეტალი, რასაც შეიძლებოდა თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინტერესი გამოეწვია.
       ტრენინგების თემატიკა ძირითადად მოიცავდა მარბურგის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, უცხოური ენების შესწავლის ცენტრის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზაფხულო სკოლების დაგეგმარებას, სტუდენტთა მრჩევლების, პრესისა და კომუნიკაციის არსებობის საჭიროებას, ვებ გვერდის მომზადების დეტალებს, პიარის ტექნიკებსა და სხვა. ამასთან, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თელავის უნივერსიტეტში, პროექტით გათვალისწინებული, სამეცნიერო და საინფორმაციო-პოპულარული ჟურნალების გამოცემის ორგანიზებას.
       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, დოროთეა ვილდენბურგმა მიმოიხილა მარბურგის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხვადასხვა ასპექტი. "იმისათვის, რომ უზრუნველყო ხარისხი, პირველ რიგში, უნდა გქონდეს ის, ამასთან, თუ არ ვიცით რა არის და როგორ გავზომოთ ხარისხი, ძნელია მოქმედება”, აღნიშნა მან. ქალბატონმა ვილდენბურგმა ვრცლად მიმოიხილა მარბურგის უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის მენეჯმენტი, მუშაობის სპეციფიკა, პასუხისმგებლობის გადანაწილების სფეროები და სხვა.
       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოქმედების გეგმა მიზნების ზუსტ განსაზღვრას ითვალისწინებს, რომელიც გაზიარებული ხდება პროცესში მონაწილე გუნდისათვის. ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია მარბურგელი კოლეგებისათვის. მათი სისტემა ორიენტირებულია ერთის მხრივ, სწავლასა და სწავლებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების კონცეფციაზე. ამასთან, ეფექტურობის მიზნით, სამსახური ირჩევს პატარა სამოქმედო გეგმებს, იკვლევს და აანალიზებს შედეგებს. როგორც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს, მარბურგის უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, როგორც სასწავლო, ასევე ადმინისტრაციულ დონეზე.
       მარბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავის მხრივ დაინტერესდნენ თელავის უნივერსიტეტის იმავე სამსახურის მუშაობის სპეციფიკით და მოიწონეს მისი სტრატეგია.
       მარბურგის უნივერსიტეტში ძალზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის ეფექტური სისტემის არსებობა, რომელშიც საინფორმაციო საშუალებებს თავისი პასუხიმგებლობა აკისრია. სწორედ ეს სისტემა უზრუნველყოფს მარბურგის უნივერსიტეტის კომუნიკაციის მაღალ დონეს. საზოგადოებათან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან, იოჰანეს შულტენთან შეხვედრამ ცხადყო, რომ კარგად აწყობილ საინფორმაციო სისტემის პირობებში, ერთ ადამიანსაც ხელეწიფება თვეში 72 გვერდიანი საინფორმაციო-პოპულარული ჟურნალის გამოცემა და უნივერსიტეტის ვებ გვერდის შექმნა. თუმცა, თანამშრომლობის მიზნით, ბევრად უფრო მეტი ადამიანია ჩართული ამ პროცესში. ჟურნალში თავს იყრის საუნივერსიტეტო მასშტაბით მომხდარი თუ მოსახდენი ყველა ინფორმაცია და ფართო აუდიტორიისათვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება.
       არანაკლებ საინტერესო იყო საერთაშორისო პროგრამებისა და საზაფხულო სკოლების კოორდინატორთან შეხვედრა და ამ კუთხით მარბურგული გამოცდილების გაზიარება. ოთხკვირიანი საზაფხულო სკოლები და სემინარები რამდენიმე ენაზე საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. სტუდენტისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ლექციებზე დასწრება და კრედიტების დაგროვებაა. ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და სტუდენტებს ცოდნის შეძენის და კულტურული დასვენების შესანიშნავ პირობებს სთავაზობენ. ფაქტობრივად, ცხოვრების ბოლომდე სწავლების შესაძლებლობა მარბურგის უნივერსიტეტში სავსებით რეალურია. მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, კრისტოფერ მოსმა სასარგებლო რჩევები მოგვცა მსგავსი სკოლების შექმნის თაობაზე და ამ პროექტის თელავის უნივერსიტეტში რეალიზებაზე ფიქრი გერმანიაშივე დაიწყო.
       უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელთან, ქ-ნ სიუზან დუქსასთან შეხვედრისას ჩვენთვის საინტერესო სიახლეები გამოიკვეთა. მარბურგის უნივერსიტეტის ენების შესწავლის ცენტრი 10 წლის ისტორიას ითვლის და დღემდე ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია მთელს უნივერსიტეტში. შეთავაზებული ენების მრავალფეროვნება და სწავლების მაღალი დონე სტუდენტებს მეტ მოტივაციას უქმნის ენის შესწავლაში. ჯგუფები დონეების მიხედვით იყოფა და ყოველი ჯგუფი შესაბამის დონეს ეუფლება. ენების შესწავლის კვირეული დატვირთვა კვირაში ოთხი საათია. გარდა ამისა, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ენების ინტენსიური შესწავლის პროგრამა, რომელიც ოთხ კვირაზეა გათვლილი და კარგ შედეგს იძლევა. ჯგუფის წევრებს შორის გამოიკვეთა მოსაზრება, რომ სასურველი იქნება მსგავსი კურსების თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბება.
       ვიზიტის დროს მეღვინეობის სწავლების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობის საკითხიც წამოიჭრა. კერძოდ, დაისახა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ერთობლივი პროგრამების შექმნის პერსპექტივა. ამ იდეის განვითარება იყო სტუმრობა ვიესბადენის უნივერსიტეტის გაიზენჰაიმის სასწავლო ცენტრში. ცენტრისა და საცდელი საწარმოს თანამშრომლებთან შედგა საინტერესო საუბარი მომავალში ერთობლივი კვლევებისა და სტუდენტების გაცვლის ორგანიზების პერსპექტივაზე, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს გახდეს მეღვინეობა-მევენახეობის კვლევისა და სწავლების მნიშვნელოვანი კერა და შეავსოს ამ სფეროში საქართველოში არსებული ნაკლოვანებები.
       შემაჯამებელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც დაისახა. პარტნიორების მომდევნო ვიზიტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი. საორიენტაციოდ, გამოიკვეთა მომალი შეხვედრის თემატიკაც. ამ დროისათვის დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული ჟურნალის გამოცემა, ტრენინგები გაგრძელდება სტუდენტთა მრჩევლების მუშაობისა და პიარის ეფექტურ წარმართვაზე. კვლავაც აქტუალურია სწავლებისა და სწავლის ახალი მეთოდების დანერგვა ჩვენს უნივერსიტეტში და ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება. ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ხელშეწყობა და განვითარება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ პროექტის პრიორიტეტად რჩება.